Saturday, October 20, 2012

უნივერსიტეტი და ტალანტები


ჩემი და უნივერსიტეტის ურთიერთობა მაშინ არ დაწყებულა, როცა ფილოლოგიის ფაკულტეტზე  ჩავაბარე. ეს გაცილებით ადრე იყო, 90-იან წლებში, როცა ბებიას დავყავდი საზაფხულო სესიებზე, ან თავის ლექციებზე. ბებიაჩემი, ეთერ ბასილაშვილი ერთ-ერთ კათედრაზე მუშაობდა ლაბორანტად. ნიჭიერი ქალი იყო ბებია, წერდა ძალიან საინტერესო გამოკვლევებს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ენობრივი და პოეტიკური თავისებურებების შესახებ, იყო ნიჭიერი პოეტი - მისი თაობის ყველა პირველსხიველს ახსოვდა, როგორც სხარტად მოაზროვნე და მახვილი სიტყვის პატრონი. მეტიც, ნიკო კეცხოველს, უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, ბებიას ლექსები ზეპირად სცოდნია და უნივერსიტეტის სცენაზე გამოსულ ეთერს პარტერიდან კარნახობდა, რომელი ტექსტი წაეკითხა. გალაკტიონს ერთ-ერთ წერილში უწერია, ბასილაშვილი ჩემი ხაზის გამგრძელებელი პოეტიაო.

ჩვენს საოჯახო არქივში ინახება უნივერსიტეტის გაზეთის კორესპოდენტის, გივი შეყილაძის ერთი ფოტო. ამ ფოტოზე კედლის კალენდარი და ერთი ცნობილი პროფესორის ხელია გამოსახული. კალენდარი  აჩვენებს პროფესორის დაბადების თარიღს, ხელი კი ამ თარიღს გადაფურცლავს. ფოტოს უკან აქვს ბებიაჩემის მინაწერები - „პროფესორ X-ის დაბადებისდღე, კალენდარზე ჩემი ხელით მიწერილია ლექციების განრიგი“. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ ბებიაჩემს არც ლექსების წერა გაუგრძელებია და არც დისერტაცია დაუცავს. როგორც ჩანს, ვერც ოჯახის ქალის როლთან შეთავსდა  პოეტის სტატუსი და ვერც სამეცნიერო კვლევა გააგრძელა, რადგან ცხოვრების ყველაზე მაძიებელი პერიოდი პროფესორის ლექციების განრიგების გადაწერასა და მისი პუბლიკაციების დახარისხებას დაუთმო.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა, სამეცნიერო კვლევის მსურველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, დღემდე ან ადმინისტრაციული საქმეებითაა დაკავებული, ან პროფესორების  ტექნიკური საქმეების მოგვარებაში ხარჯავს იმ წლებს, რომელიც სწავლას, სტაჟირებას, სამეცნიერო კვალიფიკაციის ამაღლებას და  ბიბლიოთეკაში  კვლევითი საქმიანობების შესრულებას უნდა დაუთმოს.

ერთი ამბავი გავიგე -  ერთმა ცნობილმა მეცნიერმა, რომელიც სატელევიზიო გამოსვლებში ხშირად აპელირებს ხოლმე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ნაციონალური იდენტიფიკაციის პრობლემებზე და სხვა პოპულისტურ თემებზე, თურმე,  გვარიანად ამუშავა რამდენიმე ახალგაზრდა და ბოლოს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურების მესამედი გადაუხადა. ალბათ, ჩათვალა, რომ მასთან თანამშრომლობით მიღებული სიამოვნება ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის დანარჩენ ორ მესამედზე გაცილებით მეტად ფასდებოდა. ეს, ძალიან ცუდი შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, უფრო მოვლენა, ვიდრე შემთხვევა. უფრო ცუდი ის არის, რომ არც ერთ ახალგაზრდას უსამართლობაზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამს -  მორჩილად შეეგუვნენ  ასაკით და სტატუსით უმცროსის (კარგი სიტყვაა!) ხვედრს და ამ მავნე საუნივერსიტეტო ტრადიციას. მიუხედავად ჩემი აღშფოთებისა, როგორც ქრისტიანი და ლიბერალი, პატივს ვცემ თითოეული ადამიანის, მათ შორის, ამ ახალგაზრდების არჩევანს.

ამაზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ჩემს ახლო მეგობარს შეემთხვა. ერთ-ერთი უნივერსიტეტის ვებგვერდზე თავის სტატიას წააწყდა  ვიღაცის დისერტაციის ერთ-ერთ ქვეთავად. ეს ამბავი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც მე ვმუშაობდი სასკოლო სახელმძღვანელოზე (დედაენა) და სამთვიანი ძალიან შრომატევადი მუშაობის შემდეგ წიგნზე ავტორთა ჩამონათვალში არ აღმოვჩნდი, სხვადასხვა მიზეზთა გამო. როგორც ვატყობ, ეროვნული ღირებულებების გულშემატკივარი მეცნიერი  ჩვენი ოპუსის სიმბოლური გმირი ხდება, რადგან ახალგაზრდა მკვლევარებთან სარფიანი თანამშრომლობის შემდეგ „დედაენის“ სამუშაო ჯგუფში ახლა უკვე ჩემი ხელმძღვანელი აღმოჩნდა. სიუჟეტური ქარგა, რაღაცნაირად, შეიკრა და ჩვენი სოციოკულტურული გარემოს გრამატიკის სახელმძღვანელოს წესების შესაბამისად, ახლა მე გამაცურა.

ჩემი ახლო მეგობრის ამბავს დავუბრუნდეთ. მისი შემთხვევით აღშფოთებულმა (და, ალბათ, ჩემი დამწვარი ხელით გამიზეზებულმა) ვურჩიე, პროტესტის ნებისმიერი ფორმისთვის მიემართა. დაკავშირებოდა მედიას, იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ან სამეცნიერო საბჭოს, მაგრამ გული დამწყდა, როდესაც გავიგე, რომ ავტორიტეტულ ადამიანებს ერჩიათ, სჯობს, ამ ეტაპზე გაჩუმდე - პროტესტანტის იმიჯი ამ ქვეყანაში სასიკეთოდ არავის გამოდგომიაო. მივხვდი, რომ ჩემ მიერ დადაენაზე საჩივრის შეტანა უფრო უხერხული და არაესთეტიკური იქნებოდა 4 თვის ორსულის მხრიდან. ამიტომ მეც გავჩუმდი.

კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, ჩემმა კურსელმა, პაატა შამუგიამ  ერთ-ერთ ცნობილ პროფესორს წერით გამოცდაზე ჰკითხა,  თუ შეიძლება, საკითხზე მსჯელობისას ჩვენი აზრებიც გამოვთქვათო. „თქვნი აზრები, რამეს რომ მიაღწევთ, მაშინ გამოთქვითო“ - ეს ფრაზა რაღაცნაირად, აღიბეჭდა ჩემში, ისე, რომ არა და არ დამავიწყდა. ჩემმა კურსელმა, ცირა კილანავამ კი ერთ-ერთ სამეცნიერო სხდომაზე ძალიან საინტერესო რამე თქვა (ბაკალავრიატში ვსწავლობდით) - იქნებ, რუსთველის „შიში შეიქმს სიყვარულსა“ იმას ნიშნავს, რომ ძველი აღთქმა ახალმა აღთქმამ განავითარაო (ძველი - შიში / ახალი - სიყვარული). მახსოვს, ერთ-ერთმა დამსახურებულმა პროფესორმა ძალიან უხეშად მიმართა და სრულიად არადელიკატურად გააჩუმა.

განსხვავებული ამბებიც ვიცი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო პროფესორი, რევაზ სირაძე. ის თავის დროზე, კორნელი კეკელიძის სტუდენტი იყო და, თუ არ ვცდები, მისი პირადი სტიპენდიანტი. რევაზ სირაძე სულ ითხოვდა, რომ მის ნაშრომებზე რაიმე კრიტიკული გამოგვეთქვა. ხშირად კომიკურ მდგომარეობაშიც აღმოვჩენილვარ, როცა განსხვავებული არაფერი მქონდა სათქმელი. ყველა იდეა, რომელმაც საბოლოოდ რაიმე განვითარებას მიაღწია ჩემს პრაქტიკაში, რევაზ სირაძის ლექციაზე იბადებოდა იმიტომ, რომ ეს იყო ინტერაქტიული შემოქმედებითი გარემო შემოქმედებითი პროცესისთვის აუცილებელი ავანტურებით (სათქმელის დაუსრულებლობა, პროვოკაციული კითხვები, სათქმელის მოულოდნელი განვითარება და სხვ.). 2009 წელს რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამოვეცი წიგნი „მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია. ლიტერატურული პოლიტიკის საკითხები“. ბატონ რეზოს ლიტერატურის ინსტიტუტში დავუტოვე წიგნი ძალიან მორიდებული წარწერით. რამდენიმე დღეში ჩემს სახლში დაურეკავს, მეორეც გამომიგზავნეთ, ამ წიგნით მაგისტრანტებს უნდა ვასწავლოო. ეს სიტყვები ყველაფრის სტიმულს მაძლევდა და მავიწყებდა იმ გარემოებას, რომ წიგნი ჩემი დედის და ამჟამინდელი მეუღლის გარდა არავის წაეკითხა, ხოლო პრეზენტაციაზე მოწვეული უფროსი კოლეგების დიდი უმრავლესობა, ცხადია, არ მოსულა. ასეთი შემთხვევების დროს, ცხადია, გიჩნდება ძალიან ადამიანური იმედგაცრუება - არა პიროვნული, არამედ, წმინდად, პროფესიული. რევაზ სირაძის შემთხვევა კი იყო ნამდვილი  გარღვევა არა იმიტომ, რომ მე დავწერე და მან შემაქო, არამედ ზოგადად მოდელი იყო უჩვეულო - მასწავლებლის და მოსწავლის ასეთი კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაშინ, როდესაც მოსწავლეს უკვე სხვა მასწავლებელი ჰყავს და ძველ მასწავლებელს რჩევებით აღარ მიმართავს... ამან გამახარა.

წელს, რევაზ სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მისი იუბილე. მე და ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, ვემზადებოდით  ამ დღისთვის, მაგრამ წინა დღეს მისი დავალებით დამირეკა მისმა ახალგაზრდა თანამშრომელმა და პირადად გადმომცა ბატონი რეზოს მოწვევა.  რაც შეიძლება ყველაზე ძვირფასი იყოს შენი მასწავლებლისგან, ესე იგი, რაც შეიძლება გახდეს შენი პასუხისმგებლობის საფუძველი შენი შემდგომი თაობების წინაშე, ეს არის ის პატივისცემა, დაფასება, რომელსაც, როგორც ადამიანი ადამიანისგან და არა სტუდენტი პროფესორისგან მიიღებ. ესაა წარსულის ძალიან ჯანსაღი პრაგმატიზმი - შვას აწმყო, რომელიც მყოფადის მშობელი გახდება.

ბევრი რამ მახსენდება კიდევ, მაგრამ ყველას ისედაც მოგეხსენებათ მისი პედაგოგიკური სტილის, სამეცნიერო ალღოსა და ადამიანური კეთილსინდისიერების შესახებ. ამიტომ ჩემს გულისტკივილით და სიხარულით აღსავსე თხრობას აქ შევაჩერებ მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორი თავაზიანი და გულისხმიერი იყო მისი დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ. ბებიაჩემის ამბით იმიტომ დავიწყე, რომ ბევრი ასეთი ტალანტი მიეცა დავიწყებას უნივერსიტეტში და დღემდე სისტემის ფარგლებში თვითდამკვიდრების / სტატუსის, ან აღიარების მოპოვების, თითქმის, ერთადერთი გზა პროფესორის ქაღალდების დახარისხებაა.